ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მაინც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება - კობიაშვილი
ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მაინც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება, - ამის შესახებ მერაბ კობიაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა კობიაშვილმა ნაფიც მსაჯულებს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდი, მე არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მხრებით უნდა ვატარო მაინც მთელი ცხოვრება.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს სწორი გადაწყვეტილებისთვის და სიმართლისთვის. მეტს ვერაფერს ვიტყვი, ემოციებში ვარ, ნამდვილად არ ვარ ლაპარაკის ხასიათზე“, - აღნიშნა მერაბ კობიაშვილმა.
გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო, რასაც მოკლულის ოჯახის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს მკვლელობას, მკვლელობის მცდელობასა და ძალადობას ედავებოდნენ.
პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.