უახლესი ინფორმაცია ტრაგედიის ადგილიდან - დაღუპული საქართველოს მოქალაქეა
ხარაგაულში, რკინის საამქროს ჩამონგრევის შედეგად, გარდაცვლილი მუშა საქართველოს მოქალაქეა. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ცხედარი ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს.
რაც შეეხება დაშავებულებს, ხარაგაულის მინიციპალიტეტის მერის თქმით, 8 პირიდან 5 საქართველოს, ხოლო სამი ჩინეთის მოქალაქეა.
ხარაგაულის სოფელ ვერტყვიჭალაში ავტომაგისტრალის სამშენებლო მაგისტრალზე, სადაც სამუშაოებს ჩინური კომპანია აწარმოებს, რკინის კონსტრუქციებით აგებული საწარმო ჩაინგრა. დაშავდა ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის, 5 საქართველოს მოქალაქე და სამი ჩინეთის. დაიღუპა ერთი ადგილობრივი მოქალაქე. კონსტრუქციების ჩამონგრევის მიზეზს სამართალდამცავები დაადგენენ - ეს არის სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზებით გამოწვეული და შესაბამისად, აწარმოებენ სისხლის სამართლებრივ დევნას, მათ მიმართ, ვინც არ დაიცვა შრომის უსაფრთხოების წესები" - განაცხადა ხარაგაულის მინიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა.
საამქროს საყრდენი ბოძი დღეს დილით ჩამოინგრა და მთელი გადახურვა ჩამოიშალა.
რკინის ძელების ქვეშ მუშები მოყვნენ. სოფელ ვერტყვიჭალაში სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათია მიმდინარეობს.
დაშავებულები გადაყვანილები არიან ზესტაფონის, ხაშურისა და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში. შსს-მ გამოძიება დაიწყო.
რკინის საამქრო, სადაც ტრაგედია დატრიალდა, იმ ჩინურ კომპანიას ეკუთვნის, რომელიც ჩქაროსნულ მაგისტრალს აშენებს.