საქართველოს პარლამენტმა აზარტული თამაშების შესახებ კანონი მიიღო

22.12.21 16:32
საქართველოს პარლამენტმა აზარტული თამაშების შესახებ კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა აზარტული თამაშების შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგი იყო. 

ცვლილებები რამდენიმე კანონში შედის, მათ შორის, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ; რეკლამის შესახებ; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საგადასახადო კოდექსში და სხვა. 

რაც შეეხება კანონით გათვალისწინებულ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას - მესამე მოსმენით მას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო.

კანონპროექტში შეტანილი ცვლილების მიხედვით, აზარტული თამაშების რეკლამა 1 მარტიდან აიკრძალება.

 ცვლილებათა პაკეტი "ქართულმა ოცნებამ" პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის გახმოვანების შემდეგ მოამზადა. 

კანონპროექტის მიხედვით: 

თამაშზე დამოკიდებულ  და აკრძალულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დამოკიდებულ  და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის მონაცემების შეტანა.

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა ხდება:

ა) თავად დამოკიდებული პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შესაბამის განაცხადს წარადგენს შემოსავლების სამსახურში დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანის თაობაზე;

ბ) სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

3. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შეტანა ხდება 5 წლის ვადით.

4. დამოკიდებულ პირთა სიიდან, პირის მონაცემების ამოღება შესაძლებელია სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, ამავე პირის მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანიდან არაუადრეს 3 წლისა ან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში. 

5. დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით; 

კანონის მიხედვით, დამოკიდებულ პირთა სიაში მყოფი ადამიანი, თამაშის შემთხვევაში, პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში - 20 ათასი ლარი. იგივე ოდენობის ჯარიმებია განსაზღვრული იმ დაწესებულებისთვის, ვინც დამოკიდებულ პირს სათამაშოდ დაუშვებს.