ნინოწმინდის პანსიონში არაერთი გამოწვევა რჩება- ომბუდსმენი გამოძიების არაეფექტურობაზე საუბრობს

22.12.21 16:45
ნინოწმინდის პანსიონში არაერთი გამოწვევა რჩება-  ომბუდსმენი გამოძიების არაეფექტურობაზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში წარადგინა.

ნინო ლომჯარია პირდაპირ ამბობს, რომ  გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, პანსიონში არაერთი გამოწვევა რჩება. 

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გამოწვევები დაწესებულების და აღსაზრდელთა დოკუმენტაციის წარმოების, ისე არასრულწლოვანთა ინდივიდუალური, მათ შორის, ბიო-ფსიქო-სოციალური საჭიროებების შეფასებისა და უზრუნველყოფის კუთხით არსებობს.

საქმის მასალებმა აჩვენა, რომ გამოძიებებს აქვს არსებითი ხარვეზები ეფექტიანობის მიმართულებით, გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები ხშირ შემთხვევაში გულგრილად უდგებიან არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, წლების მანძილზე აჭიანურებენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, არ ახდენენ გამოძიების სწორ კვალიფიკაციას, არ მოქმედებენ მსხვერპლი ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, მოქმედებენ სტერეოტიპულად, არ ანიჭებენ მსხვერპლებს დაზარალებულის სტატუსს, არ ცდილობენ, შეკრან დანაშაულებრივი სქემის ერთიანი სურათი და სრულფასოვნად გამოავლინონ ძალადობრივი დასჯის პრაქტიკა ნინოწმინდის პანსიონში.

სახალხო დამცველის აპარატს მიაჩნია, რომ ეფექტიანი გამოძიება შექმნიდა საფუძველს, დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა ყველა პასუხისმგებელი პირის მიმართ, მათი პასიური, თუ აქტიური როლის გათვალისწინებით - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. 

ომბუდსმენის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წლის გაზაფხულის შემდგომ, დაწესებულებიდან ბიოლოგიურ ოჯახში 12 არასრულწლოვანია გადაყვანილი, ზრუნვის სხვა ფორმაში კი 22 აღსაზრდელი განთავსდა.

ნინოწმინდის პანსიონიდან ზრუნვის სხვა ფორმაში გადაყვანილი არასრულწლოვნებიდან 15 გადაყვანილია მცირე საოჯახო ტიპის სახლში, ხოლო 7 - მინდობით აღმზრდელ ოჯახთან.

2021 წლის 22 ნოემბრის მონაცემებით, დაწესებულებაში კვლავ ირიცხება 17 აღსაზრდელი, რომელთაგან 15 ფაქტობრივად პანსიონში ცხოვრობს.

საქმეთა შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურორს ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოების წინადადებით მიმართა და საქმიდან ზედამხედველი პროკურორის, ასევე მოქმედი სოციალური მუშაკის შეცვლა მოითხოვა.

სახალხო დამცველის ანგარიში ვრცლად ნახეთ აქ

 

 

მსგავსი სიახლეები