ბავშვები მართლაც განიცდიდნენ დამამცირებელ, არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას - ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონზე
ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარებთან გასაუბრებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ბავშვები მართლაც განიცდიდნენ, დამამცირებელ, არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სპეციალური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
ნინო ლომჯარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არსებულთან შედარებით, ვითარება გაუმჯობესებულია, ბავშვების ამ დაწესებულებაში ცხოვრება არ შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს, ამიტომ უნდა გაგრძელდეს ნინოწმინდის პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაცია და ყველა ბავშვი უნდა გადავიდეს, ან ოჯახში, ან სხვა ტიპის ზრუნვით აღმზრდელობაში.
ძალიან შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაც არსებობს იმაზე, რომ ნინოწმინდის პანსიონიდან უნდა იყოს გამოყვანილი ყველა შშმ სტატუსის მქონე ბავშვი, დღემდე პანსიონში ირიცხება ერთი არასრულწლოვანი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვია და შესაბამისად, სამწუხაროა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ბოლომდე ამ მიმართულებით არ აღსრულებულა"- აცხადებს ომბუდსმენი.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ჩატარებულმა მონიტორინგმა, ბავშვებთან, ყოფილ ბენეფიციარებთან გასაუბრებებმა და ასევე, მიმდინარე გამოძიებების საქმის მასალების გაცნობამ დაადასტურა ის ფაქტი მაღალი ალბათობით, რომ წლების განმავლობაში პანსიონში მცხოვრები ბავშვების მიმართ ადგილი ჰქონდა დამამცირებელ, არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობას.
სამწუხაროდ, დაწესებულებაში არ ყოფილა დაცული ბავშვების ჯანმრთელობის უფლება, მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა, ბავშვებს არ ჰქონიათ სათანადო კვება, ხელი არ ეწყობოდათ განვითარებისა და განათლების სათანადო მიღებაში, ისინი იყვნენ იზოლირებულები საზოგადოებისგან და გარე სამყაროსგან და ძალიან მოწყვლადები გახდნენ ამის გამო. დღესდღეობით პანსიონში არსებული ვითარება არის ნამდვილად გაუმჯობესებული მანამდე არსებულ ვითარებასთან შედარებით, შეცვლილია კვების მენიუ, ასევე ბავშვებს მიეცათ დასვენების საშუალება და მოხდა მათი ჯანმრთელობის შეფასება, გართობის, დასვენებისა და სოციალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით გადაიდგა მთელი რიგი ნაბიჯები, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ცვლილებებისა, ის გარემო, სადაც ამ ბავშვებმა ან მათმა თანატოლებმა განიცადეს ღირსების შემლახველი, დამამცირებელი, წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა რა თქმა უნდა, არ არის ის ადგილი, სადაც ბავშვი უნდა იზრდებოდეს. მათი იქ ყოფნა და ცხოვრება არ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებსა და სტანდარტებს. ჩვენი რეკომენდაცია არის ის, რომ საბოლოო ჯამში, უნდა გაგრძელდეს დეისტიტუციონალიზაცია და ყველა ბავშვი უნდა გადავიდეს ან ოჯახში და სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ოჯახის გაძლიერებას, ან განთავსდეს ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებში,“- განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველის ანგარიში ვრცლად ნახეთ აქ