მართვის მოწმობა ფულის სანაცვლოდ - დაკავებულია ერთი პირი
პოლიციამ წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა.
შსს-ს ცნობით, დაკავებული მოქალაქეებს მართვის მოწმობის არაკანონიერი გზით შეძენას სთავაზობდა.
"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მობილურ საკომუნიკაციო აპლიკაცია „Telegram“-ში შექმნა არხი (ჯგუფი), სახელწოდებით - „MODGOVGE INFO“. იგი თავადვე უწევდა ადმინისტრირებას აღნიშნულ არხს, რომელიც დაინტერესებულ პირებს, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ, მართვის მოწმობის არაკანონიერი გზით შეძენას სთავაზობდა. ზ.კ. დაინტერესებულ მოქალაქეებს ერთ-ერთი უცხოური ელექტრონული საფულის და ქართული ონლაინ ტოტალიზატორის ანგარიშზე ვითომდა მომსახურების საფასურს - გარკვეულ თანხებს არიცხვინებდა და მათ კუთვნილ თანხებს თაღლითური გზით ეუფლებოდა, თუმცა მართვის მოწმობებს არ უმზადებდა"- წერია განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.