თვითმკვლელობით დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს - პატიმრის გზავნილი გლდანის ციხიდან

30.12.21 12:16
თვითმკვლელობით დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს - პატიმრის გზავნილი გლდანის ციხიდან

პატიმარი, რომელიც 45 დღეა შიმშილობს, გლდანის ციხის ადმინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. 33 წლის ირაკლი კვარაცხელიას პროკურატურა ოქროს ბირჟიდან ბეჭდის ქურდობას ედავება, თუმცა დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მას სასამართლომ 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კრიმინალური პოლიციის ჩხრეკის ოქმში წერია, რომ კვარაცხელიას სამართალდამცველებმა ოქროს ბეჭედი ამოუღეს, რის შემდეგაც ის ადგილზე დააკავეს, თუმცა საპირისპირო ჩანს "პირველების" მიერ მოპოვებულ კადრებში. ვიდეოკადრებიდან ირკვევა, რომ მამაკაცისთვის არაფერი ამოუღიათ და არც ადგილზე დაუკავებიათ.

თავად კვარაცხელია ირწმუნება, რომ მას ბეჭედი ჩაუდეს და პროტესტის ნიშნად უკვე 45 დღეა ,შიმშილობს. მან თვითმკვლელობა რამდენჯერმე სცადა. პატიმრის თქმით, თუ დღეს გამართულ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამამართლებელი განაჩენი არ დადგა, ის სუიციდს მიმართავს. 

4 წელი შემოთავაზება მქონდა რეალური სასჯელი და დანარჩენი პირობითი. რაც დავიწყე შიმშლობა, დამცინა პროკურატურამ და შემომითვალა 5 წლიანი რეალური სასჯელი და ვითომ დანარჩენი პირობითი და იქიდან გამომდინარე, რომ ისევ დამცინეს, ისევ ვცადე თვითმკვლელობა, არტერია გადავიჭერი. არ ითვალისწინებენ არც იმას, რომ ვარ 45 კილო დარჩენილი. არ უყურებენ არც ანალიზებს, მიდის ამ უწყებიდან პროკურატურაში და ყველგან ჩემი ანალიზის პასუხები და ის რა მდგომარეობაში ვარ და რომ ვარ უკვე პიკზე. თუ არ იქნება ის განაჩენი, რაც სიმართლეს დაადგენს და სიმართლისთვის იქნება საჭირო, გავაგრძელებ ისევ შიმშილობას და ვიზამ უარესს. მივიყვან საქმეს ბოლომდე და ჩემი თვითვმკვლელობით დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს, - ამბობს ირაკლი კვარაცხელია. 

ირაკლი კვარაცხელიას ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებული ტოტალური უსამართლობის მსხვერპლია. უფლებადამცველის თქმით, მოსამართლემ ის ციხეში მხოლოდ ერთი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე ჩასვა.