დაუყონებლივ იმოქმედეთ, მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის იზოლიატორში არ იმყოფება - ანტისაოკუპაციო მოძრაობა

04.01.22 20:18
დაუყონებლივ იმოქმედეთ, მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის იზოლიატორში არ იმყოფება - ანტისაოკუპაციო მოძრაობა

ოკუპანტების ტყვე მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის იზოლატორში არ იმყოფება, დაუყონებლივ იმოქმედეთ - საგანგებო მიმართვას  ყოფილი სამხედროს მეგობრები ავრცელებენ.  მათ ეჭვს აღრმავებს ისიც, რომ გატაცებიდან ერთი თვის განმავლობაში ჩხიკვაძის მონახულების საშუალებას საოკუპაციო რეჟიმი არავის აძლევს. არ ვრცელდება არანაირი ცნობა მისი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის  შესახებ.

ერთ-ერთი ბოლო, ვინც ყოფილი სამხედროს მონახულება მოითხოვა, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია ,,წითელი ჯვარი" იყო,  თუმცა მან ცხინვალის რეჟიმისგან უარი მიიღო.

მეგობრების ინფორმაციით, მამუკა ჩხიკვაძეს ცხინვალის რეჟიმის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლი გახდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ ის კლინიკაში გადაიყვანეს. 

დაახლოებით ასეთი ინფორმაცია გვქონდა რამდენიმე დღის წინ, რომ მამუკა ჩხიკვაძე კაგებეს შენობიდან გადაუყვანიათ ე.წ. შსს-ს შენობაში. ფაქტია, რომ საოკუპაციო რეჟიმი მამუკას არ გვაჩვენებს. - აცხადებს დავით ქაცარავა, ანტისაოოკუპაციო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ვადები 4 იანვრამდე განუსაზღვრა.  თუმცა ოფიციალურმა მოსკოვმა ამ ვადის კიდევ 20 დღით გახანგრძლივება ითხოვა.