კომუნიკაციის თვალსაზრისით მყარი ბარიერი ისევ აღმართულია - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

06.01.22 13:49
კომუნიკაციის თვალსაზრისით მყარი ბარიერი ისევ აღმართულია - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

პენიტენციური სამსახურის მხრიდან კომუნიკაციის თვალსაზრისით მყარი ბარიერი ისევ აღმართულია - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ადვოკატებს და მათი დაცვის ქვეშ მყოფს წერილობითი კომუნიკაციის საშუალება არ ეძლევათ. 

შეხვედრისას არსებული შეფერხებები უკვე დიდი ხნის პრობლემაა. გუშინ იყო ერთადერთი დღე გამონაკლისი, როცა ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, პრეზიდენტთან კომუნიკაცია წერილობითი ფორმით განგვეხორციელებინა. დღეს, სამწუხაროდ, ეს მყარი ბარიერი კვლავ აღმართულია, კარი ისევ დახურულია და ჩვენ არ გვქონდა საშუალება, პრეზიდენტთან სრულფასოვანი კომუნიკაცია დაგვემყარებინა. მე მასთან ვერ შევძელი დაცვის ქვეშ მყოფისა და ადვოკატს შორის კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა.

მოვუწოდებ, ბატონ ზურაბ მოდებაძეს, ციხის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელს, რომ უზრუნველყონ ეს უფლება. ასევე მოვუწოდებ, ადვოკატთა ასოციაციას, პირადად მის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს, რომელიც არაერთხელ გამოხმაურებია მსგავს პრობლემას, ეს უმსგავსობა უბრალოდ აღმოფხვრათ, იმიტომ რომ ეს არის ყველა ადვოკატის პრობლემა "-  განაცხადა თუთბერიძემ "ტვ პირველთან".