15 წლის მოზარდის სასტიკი მკვლელობა - ბრალდებულები სასამართლოს წინაშე წარსდგნენ

06.01.22 13:53
15 წლის მოზარდის სასტიკი მკვლელობა - ბრალდებულები სასამართლოს წინაშე წარსდგნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის დათუნა კრავეიშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა პროცესი დაიწყო. უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით, განსასჯელის სკამზე 2 პირი ზის.

ერთს დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხოლო მეორეს განსაკუთრებით დამამაძიმებელ გარემოებაში მკვლელობას ედავებიან. ორივე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. 

ადვოკატ ვახტანგ აბესაძის ინფორმაციით, მკვლელობისთვის წაყენებული მუხლი 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ხოლო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანია, მას შესაძლოა, მაქსიმუმ 12 წელი მიუსაჯონ.

პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პირიო გამოძიების საწყის ეტაპზე ბრალს აღიარებდა, თუმცა, მოგვიანებით მან პოზიცია შეცვალა.

მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა 2021 წლის 4 დეკემბერს ტანსაცმლის გამო ლიახვის ქუჩაზე დაიწყო. სკოლის მოწავლე, 15 წლის დათუნა კრავეიშვილი, დანით მიყენებული 10 ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტში 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა, თუმცა საგამოძიებო უწყებამ ბრალი მხოლოდ 2-ს წარუდგინა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.