ლაშქარავას საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა გამოძიების პროცესის მიმართ ნდობას ამცირებს - საია

08.01.22 11:41
ლაშქარავას საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა გამოძიების პროცესის მიმართ ნდობას ამცირებს - საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ "ტვ პირველის" მოკლული ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე ექსპერტიზის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა, ასევე, შსს-ს მხრიდან არაპროპორციული მოცულობით ექსპერტიზის დასკვნის გავრცელება, ამცირებს გამოძიების პროცესის მიმართ ნდობას.

საია აღნიშნავს, რომ 7 იანვარს, მედია საშუალებებით გასაჯაროებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესახებ კი საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებია არც ოჯახისთვის და არც ადვოკატისთვის.

იმ პირობებში, როდესაც სრულ დასკვნაზე ამ დრომდე საია-ს ადვოკატს ხელი არ მიუწვდება, შეუძლებელია იმის შეფასება, რამდენად სწორად და რის საფუძველზე გამოირიცხა მიზეზობრივი კავშირი დაზიანებებსა და ლექსოს გარდაცვალებას შორის. 

ამასთან, საექსპერტო დასკვნასთან მიმართებით ოჯახის ნდობას ამცირებს ის ფაქტი, რომ საჯარო შეთავაზების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოიწვია ოჯახის მიერ დასახელებული ქვეყნებიდან საერთაშორისო ექსპერტები პროცესში ჩასართავად. კერძოდ, თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ შესთავაზა გარდაცვლილის ოჯახს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც ოჯახის პოზიცია საია-ს ადვოკატმა წერილობითი ფორმით არაერთხელ დააფიქსირა. განცხადებაში აღნიშნული იყო, თუ რომელი ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტების ჩართულობა იყო მისაღები ოჯახისთვის, თუმცა, გამოძიებამ, დაპირების მიუხედავად, არ გაითვალისწინა წარდგენილი შეთავაზება, რის მიზეზადაც კონკრეტულ ქვეყნებთან საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილების არარსებობა დასახელდა (ოჯახის სურვილი იყო პროცესში ექსპერტის ჩართვა ბრიტანეთიდან, აშშ-დან ან იაპონიიდან).საია მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა, ასევე, დღეს არაპროპორციული მოცულობით ექსპერტიზის დასკვნის გავრცელება, ამცირებს გამოძიების პროცესის მიმართ ნდობას", - წერია განცხადებაში.

საიას განცხადება სრულად.