სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი გაიმართა

10.01.22 13:45
სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი ქართული სოციალური ქსელის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას,  მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების პროცესი გაიმართა. დღეს ყველა ელოდა, რომ პროცესზე ბრალდებულები ნათელს მოჰფენდნენ მთავარ კითხვას, ვინ დაუკვეთა კვარაცხელიას მკვლელობა. თუმცა დღეს მხოლოდ მსჯელობა გაიმართა, დასაშვებად ყოფილიყო თუ არა მიჩნეული გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ ნივთმტიკებათა ნაწილი სასამართლოს დასაშვებად არ ეცნო, რადგან ის კანონის დარღვევით იყო მოპოვებული. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ბრალდებულ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის მიმართ გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები დასაშვებად მიიჩნია. თუმცა, პროცესზე ვერ გაეცა პასუხი მთავარ კითხვას, ვინ არის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთი. 

დღევანდელ პროცესზე არც იმასთან დაკავშირებით გარკვეულა, დაინტერესდა თუ არა პროკურატურა ექსპრემიერ ზურა ჟვანიას შვილით, ბუსა ჟვანიათი. გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ ბრალდებულებსა და  ჟვანიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

ადვოკატების ინფორმაციით, ამ დრომდე გამოძიებას ბუსა ჟვანია არ დაუკითხავს. 

ბრალდებული აკო ჭელიძე კვარაცხელიას მკვლელობას აღიარებს, მაგრამ ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს, ასევე აცხადებს, რომ ამ მკვლელობა არავის შეუკვეთავს.