პოლიციელების ცემის ფაქტი საგარეჯოში - სასამართლო დღეს დაკავებულების საქმეს განიხილავს

10.01.22 13:12
პოლიციელების ცემის ფაქტი საგარეჯოში - სასამართლო დღეს დაკავებულების საქმეს განიხილავს

სიღნაღის სასამართლო დღეს საგარეჯოში პოლიციელების ცემისთვის დაკავებულებს გაასამართლებს. ორი ბრალდებულიდან ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, საგარეჯოს პოლიციის განყოფილების თანამშრომელს თავში მინის ბოთლი სწორედ მან ჩაარტყა.

არასრულწლოვნის მშობელი სამართალდამცველებთან ინციდენტში შვილის მონაწილეობას უარყოფს.

მოცეკვავეა ჩემი ბიჭი, ამათი კონცერტი არ გაიმართა და სხვების ჩატარდა და უბრალოდ, სცენაზე ასვლა და ცეკვა უნდოდა. მართალია, ნასვამ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ამის მხრიდან დაწყება არ ყოფილა, აგრესია და ჩხუბი. მერე რაღაცნაირად ამ აყალ-მაყალში ჩაერთო შემთხვევით... ბოთლი არ უხმარია, ეგ არის მცდარი ინფორმაცია, არც გაუწევია პოლიციელისკენ, - ამბობს დაკავებულის დედა. 

კიდევ ერთი დაკავებული პირი, ტატო სიმონიშვილი, გუშინ გაათავისუფლეს. მას გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდა. 

ხელჩართული ჩხუბი სამართალდამცველებსა და ახალგაზრდებს შორის  შობა დღეს საგარეჯოს ცენტრში მოხდა. დაშავებულია რამდენიმე პოლიციელი. ერთ-ერთს თავი შუშის ბოთლით  აქვს გატეხილი. 

ადგილობრივების ინფორმაციით,  საგარეჯოელი ახალგაზრდების  ჯგუფის უკმაყოფილება ავღანეთში მებრძოლი ჯარისკაცის დაკრძალვის დღეს ქალაქში საზეიმო ღონისძიების გამართვამ გამოიწვია. სავარაუდოდ, ნასვამი ახალგაზრდები კულტურული ღონისძიების მსვლელობისას სცენაზე ავიდნენ და გამომსვლელებისთვის ხელის შეშლა სცადეს. სწორედ ეს გახდა ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების მიზეზი.

მსგავსი სიახლეები