პოლიციელების ცემის ფაქტი საგარეჯოში - ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

10.01.22 17:08
პოლიციელების ცემის ფაქტი საგარეჯოში - ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

სიღნაღის სასამართლომ დღეს საგარეჯოში პოლიციელების ცემისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. ორივე ბრალდებულმა დანაშაული  აღიარა. პროცესი 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და  მედიისთვის დახურული იყო. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ აღკვეთის ღონისძიებად მოსამართლეს პატიმრობა არ გამოეყენებინა და გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულები სახლში გაეშვა. 

ორი ბრალდებულიდან ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, საგარეჯოს პოლიციის განყოფილების თანამშრომელს თავში მინის ბოთლი სწორედ მან ჩაარტყა.

ხელჩართული ჩხუბი სამართალდამცველებსა და ახალგაზრდებს შორის  შობა დღეს საგარეჯოს ცენტრში მოხდა. დაშავებულია 3  პოლიციელი. ერთ-ერთს თავი შუშის ბოთლით  აქვს გატეხილი. 

ადგილობრივების ინფორმაციით,  საგარეჯოელი ახალგაზრდების  ჯგუფის უკმაყოფილება ავღანეთში მებრძოლი ჯარისკაცის დაკრძალვის დღეს ქალაქში საზეიმო ღონისძიების გამართვამ გამოიწვია. სავარაუდოდ, ნასვამი ახალგაზრდები კულტურული ღონისძიების მსვლელობისას სცენაზე ავიდნენ და გამომსვლელებისთვის ხელის შეშლა სცადეს. სწორედ ეს გახდა ახალგაზრდებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირების მიზეზი.