ავარიულ შენობაში შესახლებული დევნილები ხელისუფლებისგან ალტერნატიულ ფართს ელოდებიან

11.01.22 12:48
ავარიულ შენობაში შესახლებული დევნილები ხელისუფლებისგან ალტერნატიულ ფართს ელოდებიან

დღეს ექვს საათამდე ხელისუფლებამ 150 დევნილი ოჯახის პრობლემა უნდა გადაჭრას.  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფომ თბილისის  ზღვის უბნიდან, სანატორიუმ ,,ქართლის" ავარიული შენობიდან, ახალ ადგილას უნდა გადაიყვანოს. დევნილებმა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მთელი ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს.

იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საპროტესტო აქციის მოწყობა და ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს, მაგრამ სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. 

ჩვენი მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდა დღეს საღამომდე, უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ან ჩავკვდებით ამ შენობაში და მოვკვდებით, ან უნდა დაგვაკმაყოფილონ ალტერნატიული ფართით. 150 ოჯახი ვართ, 300 ლარიც იყოს, 400, ავეჯით, ტექნიკით. თან გვეუბნებიან, თვითონ მოიძიეთო. 300 ლარად მე ვიშოვი ბინას? 

პერმანენტული აქციები იქნება, არ გავჩერდებით, სანამ არ დავკმაყოფილდებით, - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.

იძულებით გადაადგილებული პირები ჯანდაცვის სამინისტროს ვადას საღამოს 5 საათამდე აძლევენ. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა 150-ვე  ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება,  ისინი პერმანენტული აქციებს აანონსებენ. 

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, 15 საათზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უნდა შეხვდნენ დევნილებს და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების გეგმა უნდა შესთავაზონ.

თბილისში, სანატორიუმ "ქართლის" დევნილთა საცხოვრებელში, ჭერი გუშინ ჩამოინგრა.  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები  შენობაში ოცი წელია, ცხოვრობენ.