სკანდალი - "ივანიშვილმა გარიგება შემომთავაზა"
"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. ფულის გათეთრების საქმის დამთავრებასთან დაკავშირებით გარიგება შესთავაზა. ამის შესახებ ხაზარაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ხაზარაძის თქმით, თუ ის პოლიტიკური მორჩილების გზას აირჩევდა, ივანიშვილი მას დაზავებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას პირდებოდა.
ეს არის პოლიტიკური ვენდეტა. აქვე გეტყვით, რომ შემოთავაზებაც გვქონდა, მე მგონი შარშან, იქნებ დავამთავროთო, ბიძინა ივანიშვილისგან, იმიტომ, რომ მას რა უნდა, იცით? რომ ყველა მასთან იყოს ვალში, ეს უნდა მას. ან ვალში უნდა იყო მასთან, ან უნდა იყო გაშავებული მის სიაში, რომ ყოველთვის კომპრომატი ჰქონდეს მას შენზე სამოქმედოდ. მან მოახერხა ეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახერხა ეს, სუს-ის მეშვეობით, მოსყიდვის მეშვეობით, ვიღაცაზე კრედიტების მიცემის მეშვეობით, ჩინოვნიკებზე მაქვს საუბარი, მერე თეთრი კონვერტებით ფულით ანაზღაურების მეშვეობით, ეს ყველაფერი რეალობაა. ჩვენ ამ ქვეყანაში სიმართლეს თუ არ ვიტყვით, ვიქნებით ამ ჭაობში, მე არ მინდა ჭაობში ყოფნა, დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გინდათ, მაგრამ ჭაობის გაწმენდა იწყება ანკარა წყაროთი და ანკარა წყარო ამ შემთხვევაში, არის სიმართლის თქმა, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს სიმართლე და თუ არ ვიტყვით ამ სიმართლეს, ვიქნებით ასეთი დაჩაჩანაკებული, - თქვა ხაზარაძემ.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოშ ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესზე ბრალდებულებმა სასამართლოს ბოლო სიტყვით მიმართეს.
მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენს ხვალ 11:00 გამოაცხადებს.