ჩამონგრეული კორპუსი ბათუმში -სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს
3 საათზე მეტია, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული კორპუსის საქმეზე დღეს პირველი წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღეს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი განიხილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს დაიკითხებიან ბინის მეპატრონე და ის ორი მუშა, ვინც კორპუსში საყრდენი კედლები მოანგრია და შენობის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით ჩაატარა.
პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს. სასამართლოსთან ბრალდებული მუშების ახლობლები დგანან. ისინი მოითხოვენ, რომ პროცესი ობიექტურად წარიმართოს. მათი განმარტებით, გამოძიებას არ აქვს ობიექტური მტკიცებულება, რომ კორპუსის ჩამონგრევაში დამნაშავე მუშები იყვნენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ცხრა ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებლობა მუშებს აკიდეს და მათთვის ცნობილია ექსერტიზის დასკვნაც, სადაც წერია, რომ ყველა სართულზე ბინები ერთნაირად იყო გადაკეთებული.
ექსპერტიზის დასკვნაში არ ჩანს ამ მუშების დანაშაული და თავიდანაც ასე იყო, ამ მუშების საქმიანობა ობიექტს ვერ დააზიანებდა. ამიტომაც ვითხოვთ, რომ ჩატარდეს ობიექტური გამოძიება - აცხადებეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
საქმის პროკურორი აღნიშნულ მოსაზრებას უარყოფს და აცხადებს, რომ დასკვნის მიხედვით მუშების ბრალეულობა იკვეთება.
2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ნგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე და 2 მუშა დააკავეს.