სანატორიუმ ,,ქართლში" შესახლებული დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას აწყობენ
სანატორიუმ ,,ქართლში" შესახლებულმა დევნილებმა გზის გადაკეტვა დაიწყეს. ისინი ჯანდაცვის სამინისტროსკენ მსვლელობით მიემართებიან.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განცხადებით, შენობა, სადაც ისინი შესახლეს, ავარიულია, ეშინიათ ღამის იქ გათევის და ამიტომაც აპირებენ, ფეხით მსვლელობით ჯანდაცვის სამინისტროსთან მივიდნენ, სადაც აქციას გამართავენ.
დევნილები აცხადებენ, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, სადაც მათი ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების საკითხი უნდა გადაჭრილიყო.
როგორც ირკვევა, სამინისტროში დევნილებს განუცხადეს, რომ ერთი წლის განმავლობაში მათ საცხოვრებელ ფართით ვერ დააკმაყოფილებენ, ამიტომ ქირით საცხოვრებლად უნდა გადავიდნენ. თუმცა, დაუფარავს თუ არა სახელმწიფო ქირის საფასურს, მათთვის უცნობია.
მსვლელობის გამო საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.