პარალიზებული სოციალური სერვისები - გაფიცულმა თანამშრომლებმა აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართეს
გაფიცული სოციალური აგენტები პროტესტს არ წყვეტენ. გაფიცულებმა ცოტა ხნის წინ აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართეს. მათი თქმით, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.
ბრძოლის არ გვეშინია მანამდე ვიდგებით, სანამ ხელფასებს არ მოგვიმატებენ, მთავარი მოთხოვნები", - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.
გაფიცულებმა მომდევნო საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან ხუთშაბათს დაანონსეს.
სოციალური სერვისები სოც დაუცველებისთვის ამ დრომდე პარალიზებულია, რაც ნიშნავს, რომ სოც დაუცველები მომსახურებას სრულყოფილად ვერ იღებენ.სააგენტოს უფროსის თქმით, ისინი ოჯახებს სოციალურ მომსახურებას თავად უწევენ.
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გაფიცულ თანამშრომლებს მეორე დღეა არ ხვდება და მათი მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს.
ქუჩაში გამოსული სოციალური აგენტები უმძიმეს სამუშაო პირობებს და მიზერულ ანაზღაურებას აპროტესებენ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები არ ეთანხმებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ანაზღაურების გაზრდის შესახებ შეთავაზებას.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება. უწყებაში ირწმუნებიან, რომ სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.