ამ ნანგრევებში შეიძლება ცხოვრება? - რა პირობებში ცხოვრობდა დევნილი, რომელმაც თავი მოიკლა
ამ დრომდე უცნობია როდის დაკრძალავენ, აფხაზეთიდან დევნილ ზურაბ ქირიას, რომელმაც პროტესტის ნიშნად, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მას 10 კვადრატულ ოთახში ნათესავები და მეზობლები გლოვობენ, საქართველოს მთავრობიდან სანატორიუმ "ქართლის" შენობაში არავინ მისულა
52 წლის კაცის ოჯახის წევრები, მისი მეუღლისა და შვილის დაბრუნებას ელოდებიან, რომელებიც იძულებით ემიგრაციაში იმყოფებიან.
დღეს "ტვ პირველმა" ის ოთახი გადაიღო, სადაც ქირია გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა.
მითხარით, შეიძლება თუ არა ამ პირობებში ცხოვრება? რამდენიმე ხნის წინ, გაყვანილობასაც კი წაეკიდა და ოთახი დაიწვა. ვინც აქ, ამ შენობაში მოდიოდა, მთავრობიდან, ყველა შემოჰყავდა ამ ოთახში. ამ გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების გამო ცოლ-შვილი გახიზნული ჰყავდა. აქ, ამ ოთახში, ისე წვიმს როგორც გარეთ"- აცხადებს გარდაცვლილის და.
მისი თქმით, ხელისუფლება ზურაბ ქირიას გაშავებითაა დაკავებული.
პოლიციას სხვა მიმართულებით მიყავს ეს საქმე. ცდილობენ შეთითხნონ საქმე, თითქოს არაადეკვატური იყო. გუშინ, პრემიერმა მისი სახელი არც კი ახსენა. აქვე, სულ მახსენდება ღარიბაშვილის სიტყვები რომ თავის მოკვლა ყველას შეუძლიაო... ჯანდაცვის მინისტრმა კი მომხდარს უბედური შემთხვევა უწოდა. ეს განცხადებები არასწორია! ეს კაცი ყურადღებას ითხოვდა"- აცხადებს ჭირისუფალი.
რაც შეეხება სანატორიუმ "ქართლის" შენობაში შესახლებულ დევნილებს, ისინი ამბობენ, რომ პროტესტი ზურაბ ქირიას დაკრძალვის შემდეგ გაგრძელდება.
არ გამოუვათ, საქმე სხვა მიმართულებით წარმართონ. როგორც კი ბიძაჩემს დავკრძალავ, მაშინვე გავალთ ქუჩაში"- აცხადერებს გარდაცვლილის ძმიშვილი.