"მაქვს კითხვა: რატომ?!" - კვარაცხელიას საქმის პროკურორი ბრალდებულებს
"მაქვს კითხვა რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი იმ ბრალდებულებმა, რომლებმაც მისი მკვლელობა ჩაიდინეს - ეს სიტყვები 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
პროკურორმა დეტალურად ისაუბრა კვარაცხელიას მკვლელობაზე. შაიშმელაშვილის თქმით, მკვლელობა ჰოლივუდის სცენარს ჰგავდა.
"გიორგი კავილაძემ მანქანა კვარცხელიას მანქანიდან 15-20 მეტრში გააჩერა, საიდანაც ჭელიძე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გადმოვიდა. ჭელიძე კვარაცხელიას ავტომობილთან დაელოდა, როდის დაბრუნდებოდა უკან. ნივთის აღების შემდეგ, კვარაცხელია პირისპირ ხვდება აკო ჭელიძეს, ის ზურგით შეტრიალდა ჭელიძისკენ, ბრალდებული იღებს ცეცხლსასროლ იარაღს და თითქმის მიბჯენით, იწყებს მისთვის ზურგში სროლას, ვაზნები არ ელევა, ერთი, ორი, სამი, ოთხი მოარტყა, კვარაცხელიამ ვერაფერი ქნა, მანქანაშიც ვერ ჩაჯდა, ძალაც არ ეყო და მანქანის უკან გაიქცა. კვარაცხელიაც და ჭელიძეც ტოლები არიან, არ ვიცი რა უნდოდათ. კვარაცხელია უკან ცდილობს გაქცევას, ჭელიძე უკან მისდევს, არ ანებებს თავს, კიდევ ერთი სროლა, კიდევ მეორე სროლა, მაინც არ დაანება თავი, წაქცეულს ესვრის, დაიღალა თვითონაც და მჭიდიც დაცალა. კვარაცხელია სისხლისგან იცლებოდა, ჭელიძე გაიქცა და კავილაძის ავტომობილში ჩაჯდა და ორივე გარბის." თქვა პროკურორმა.
საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე პროცესი დასრულდა. დღეს ორივე ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა. კავილაძემ თქვა, რომ მან აკო ჭელიძის განზრახვის შესახებ მან არ იცოდა და ჯგუფუს დანაშაულში თავად არ მონაწილეობდა. გიორგი კავილაძე ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. კავილაძის ვერსიას დაეთანხმა აკო ჭელიძე. მისი თქმით, ცეცხლსასროლი იარაღი მან დამოუკიდებლად შეიძინა.