გაუმჯობესება არ არის! - ომბუდსმენის ექიმთა ჯგუფის წევრი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

19.01.22 12:49
გაუმჯობესება არ არის! - ომბუდსმენის ექიმთა ჯგუფის წევრი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსთა კონსილიუმის ჯგუფის წევრი, ანესთეზიოლოგმა გიორგი გრიგოლია პირდაპირ ამბობს, რომ ის სომატური დარღვევები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს და გამოწვეულია შიმშილობით, მოხსნილი არ არის.

მეტიც, მედიკოსის თქმით, ამ მიმართულებით, არანაირი გაუმჯობესება არ შეინიშნება.

გრიგოლია პირდაპირ ამბობს, რომ ნაკლებად რეალურია,  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში წარმატებით მოხდეს.

მედიკოსის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილისთვის დასმულ დიაგნოზს მკურნალობის სამი მიმართულება სჭირდება:  სტრესი უნდა იყოს მოხსნილი, ფსიქოთერაპია უნდა იყოს მრავალმხრივი და უნდა ჩატარდეს მედიკამენტოზური მკურნალობა, რაც დამხმარე ხასიათს ატარებს.

მიხეილ სააკაშვილს სტრესი დღემდე მოხსნილი არ აქვს და ფსიქოთერაპიული მკურნალობა არ უტარდება, შესაბამისად, მისი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით არ უმჯობესდება. მდგომარეობის გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდოა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამას ვერ ვხედავთ“, - თქვა გიორგი გრიგოლიამ.

ანესთეზიოლოგის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ფსიქო-ნევროლოგიური, თერაპიული რეაბილიტაცია გორის საავადმყოფოში უფრო შესაძლებელი იყო, მაგრამ მათი რეკომენდაცია არ იყო გათვალისწინებული: 

ნაკლებად რეალურია, რომ მკურნალობა წარმატებით მოხდეს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში. საჭიროა ფსიქოლოგის ჩართვა და ფიზიკური რეაბილიტაცია, ამასთან, ჯერ კიდევ არის კვების პრობლემები და სრულფასოვანი კვება არ დაუწყია. არაფერი არ არის გამორიცხული, მიხეილ სააკაშვილი თუ კიდევ დაიწყებს შიმშილობას, მისი ნებისმიერი რადიკალური ნაბიჯი კარდინალურად დააზიანებს მის ჯანმრთელობას"- განაცხადა გრიგოლიამ. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას  მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მესამე დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნას 8 სამედიცინო ექსპერტი აწერს ხელს.