ჩოხატაურში თოვლის გამწმენდი ტექნიკა გაუფუჭდათ - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

20.01.22 11:58
ჩოხატაურში თოვლის გამწმენდი ტექნიკა გაუფუჭდათ - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გურიაში დიდთოვლობაა. ბარში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, მაღალმთიან სოფლებში კი 3 მეტრს მიაღწია. მხარის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. რეგიონის მოსახლეობის 80 % ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ჩოხატაურში, სადაც არათუ სოფლის გზები, დაბის ცენტრალური გზის ნაწილიც კი გაუწმენდავია. 

ჩოხატაურის მერის, დავით შარაშიძის თქმით, ამის მიზეზი ტექნიკის დაზიანებაა: 

"4 ერთეული ტექნიკა, რომლითაც გზებს ვწმენდით გაფუჭებულია და ვცდილობთ შეკეთებას. მთელი რესურსით ჩართულები ვართ და ამ ეტაპზე ვცდილობთ ცენტრალური გზები გავწმინდოთ"- უთხრა პირველებს შარაშიძემ. 

რთულ ვითარებაზე საუბრობენ ოზურგეთშიც, მოსახლეობა ამბობს, რომ ავადმყოფთან ვერც სასწრაფო მიდის და ვერც მიცვალებულის დაკრძალვას ახერხებენ. 

როგორც ოზურგეთის მერიაში განაცხადეს, ამ ეტაპზე დამატებითი ტექნიკის მობილიზება ხდება: 

"წუხელ მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა გზები, მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმზე მუშაობს, თუმცა ძლიერი თოვლია. 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს სხვადასხვა მიმართულებაზე და ახლა დამატებითი ტექნიკის მობილიზებას ვცდილობთ"- უთხრა "პირველებს" ოზურგეთის ვიცე-მერმა გიორგი ღურჯუმელიძემ.

მსგავსი სიახლეები