მღვდელს, რომელმაც პოლიტიკური მრწამსის გამო სამი შვილის დედა არ აზიარა, მკაცრი გაფრთხილება მისცეს

24.01.22 10:36
მღვდელს, რომელმაც პოლიტიკური მრწამსის გამო სამი შვილის დედა არ აზიარა, მკაცრი გაფრთხილება მისცეს

მღვდლის სასჯელი პოლიტიკური მრწამსის გამო - "ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დეკანოზ  ლუკა მიქაბერიძეს "მკაცრი გაფრთხილება"  მისცეს. 

ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.

"22 იანვარს, სამაუწყებლო ტელეკომპანია ,,ტვ პირველის" ეთერში გავიდა სიუჟეტი ხელვაჩაურის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის დეკანოზ ლუკა მიქაბერიძეს და ამავე ტაძრის მრევლის რუსუდან თავართქილაძეს შორის მომხდარი ინცინდენტის შესახებ, რომ მოძღვარმა ეს უკანასკნელი არ აზიარა ენმ-ის მხარდაჭერის გამო და მიზეზად ,,მ. სააკაშვილის სექტის“ მომხრეობა დაასახელა.

ეპარქია დაინტერესდა არსებული ვითარებით, რაც დეკანოზმა ლუკამ ნაწილობრივ დაადასტურა (ეს გასული სიუჟეტიდანაც ჩანს).

დეკანიზ ლუკას მღვდელმთავრისაგან მიეცა მკაცრი გაფრთხილება, თუმცა აღნიშვნის ღირსია ქალბატონი რუსუდანისა და მისი მეუღლის მხრიდან აგრესიული და პროვოკაციული გამოსვლები, რასაც  ადასტურებენ სამრევლოს სხვა წარმომადგენლები.  

ქალბატონი რუსუდანის მეუღლის მხრიდან განხორციელდა ზარი სამღვდელმთავრო რეზიდენციაში მუქარით, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, ისინი რევოლუციას მოაწყობდნენ ეკლესიაში.

მიუხედავად ამისა, ასეთი დამოკიდებულება გარკვეული სასულიერო  პირების მხრიდან  ყოვლად დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და პოლარიზებულ მდგომარეობას და მის დამშვიდებას ეს ხელს არ შეუწყობს.

ეკლესიაში ყოვლად დაუშვებელია პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და საღმრთო ზიარებაზე არდაშვება, აგრეთვე ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი მოწოდებები, რომელი პარტიისაც არ უნდა იყოს ის.

მივმართავ ეპარქიის სამღვდელო დასს, ყველა ღონე ვიხმაროთ ქვეყნისა და ამ ქვეყნის მკვიდრთა ერთიანობისთვის, რადგან ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ჰყოფს"- წერია განცხადებაში. 

 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, სამი შვილის დედა, მღვდელმა ეკლესიიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გამოაგდო. სოციალურად დაუცველ ოჯახს, ხელვაჩაურის რაიონიდან, ტაძარში მისვლაც კი აუკრძალეს. მრავალშვილიანი დედა ამბობს, რომ საშობაო ზიარებისთვის ეკლესიაში გრძელ რიგში იდგა, როდესაც მისი ჯერი მოვიდა, მღვდელმა უთხრა, რომ "სააკაშვილის სექტის მიმდევარია" და გააძევა. 

"გულში მივლიდა, ნეტავ, რა დავაშავე, რა გავაკეთე ცუდი.. სანამ პასუხს გამცემდა, რამ არ გამიარა გულში. შენ სექტის მომხრე ხარო, ვერ გავერკვიე, სექტა რაღაც ცუდი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ პირადად სექტა რა იყო, ვერ მოვიაზრე. ეგ რა არის, მამაო-მეთქი, ვკითხე და სააკაშვილის მომხრე ხარო". - აცხადებს ქალი სიუჟეტში.  

მსგავსი სიახლეები