სტუდიამ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი ხატვის და ძერწვის გაკვეთილებზე არ დაუშვა
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი ,,არტ თაიმ სტუდიამ" გაკვეთილებზე არ დაუშვა - ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს.
ირკვევა, რომ 2021 წლის მარტის თვეში დედამ დაუნის სინდრომის მქონე შვილი არაფორმალური განათლების მიღების მიზნით შემოქმედებით სტუდიაში მიიყვანა.
განცხადების თანახმად, ბავშვის ფსიქოლოგის შეფასებით ხატვა, ძერწვა და მსგავსი აქტივობებით დატვირთვა ბავშვს ხელს შეუწყობდა, უკეთ გამოემუშავებინა სოციალური უნარ-ჩვევები. საგაკვეთილო პროცესში ჩართვიდან მეორე დღეს დაწესებულებამ მშობელს უარი უთხრა ბავშვთან მუშაობის გაგრძელებაზე, რის მიზეზადაც ბავშვის რთული ქცევა დაასახელა.
საქმის წარმოების პროცესში განმცხადებელმა სახალხო დამცველს წარმოუდგინა როგორც ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების, ასევე სხვა შემოქმედებითი დაწესებულების თანამშრომლის შეფასება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბავშვისთვის არ არის დამახასიათებელი სხვების, ან თვითდამაზიანებელი ქცევის გამოვლენა.
მხარეთა პოზიციებისა და სამართლებრივი სტანდარტების ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ დაწესებულებას მომსახურებაზე უარის თქმისას არ განუხილავს, გონივრული მისადაგების პრინციპიდან გამომდინარე, შესაფერისი ალტერნატივებისა და სასწავლო პროცესის მოდიფიკაციის შესაძლებლობა, რაც შესაძლოა ყოფილიყო გარემოსთან ადაპტირების პროცესში მშობლის დახმარება - მშობელს მისცემოდა შესაძლებლობა მცირე ხნით, დაწესებულების თანამშრომლებთან ერთად დასწრებოდა საგაკვეთილო პროცესს და ბავშვს სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაში დახმარებოდა, ასევე ბავშვის ფსიქოლოგთან კონსულტაციის გავლა.
რეკომენდაციაში ყურადღება გამახვილდა არაფორმალური განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ინკლუზიური განათლების პროცესში, რამდენადაც მისი მოქნილი და კონკრეტულ კონტექსტზე ორიენტირებული პირობებიდან გამომდინარე, უკეთ შეუძლია უპასუხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებს. დაწესებულებები, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას უზრუნველყონ მოზარდებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა, ვალდებულნი არიან, სწორად ამოიცნონ ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მოთხოვნილება და შეთავაზებული მომსახურება მაქსიმალურად მიუსადაგონ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს"- წერია განცხადებაში.
შედეგად, სახალხო დამცველმა შპს „არტ თაიმ სტუდიის“ დირექტორს მოუწოდა:
"მომავალში, საქმიანობის განხორციელებისას, გაითვალისწინოს შეთავაზებული მომსახურების მიმღებ პირთა განსხვავებული საჭიროებები და მომსახურება განახორციელოს იმგვარად, რომ ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იყოს მომსახურებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა;
უზრუნველყოს მასწავლებელთა პროფესიული ცოდნის ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ქცევის მართვის საკითხებთან დაკავშირებით"- ნათქვამია განცხადებაში.