ძალადობა შშმ პირზე - დაკავებულ პოლიციელებს ბრალი წარუდგინეს

26.01.22 16:34
ძალადობა შშმ პირზე - დაკავებულ პოლიციელებს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ ორ პოლიციელს ბრალდება წარუდგინა. 

შოთაძის უწყებამ ნუკრი ბაქრაძეს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს, კახა ბაკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარუდგინა.

პატრულ-ინსპექტორს ნ.ბ.-ს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
პატრულ-ინსპექტორს კ.ბ.-ს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ემუხლის პირველი ნაწილით.
საქართველოს პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.
პროკურატურა სასამართლოს ასევე, ბრალდებულების თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება
- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პოლიციელის მხროდან შშმ პირზე ძალადობის შემზარავი კადრები "ტვ პირველმა" 2 დღის წინ გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს გამეტებით ნუკრი ბაქრაძე 17 წლის ლეონს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების პირია. 

კახა ბაკაშვილი კი კოლეგის სისასტიკეს მშვოდად უყურებს და კანონით დსაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს. 

კადრებში ასევე ნათლად ჩანს, როგორ აჰყავთ სამართალდამცავებს ახალგაზრდა კაცი ესკალატორზე. შშმ პირის მეგობარი პოლიციელს აფრთხილებს, რომ “ის ყრუა და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს:

“რომ ავალაპარაკო ახლა?” და აგრძელებს მოქალაქის ცემას.

მომხდარ ფაქტზე  გამოძიება ინსპექტრის სამსახურმა დაიწყო. საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, შსს-მ  ოროივე პოლიციელი დააკავა.