მკვლელობა ორლულიანი სანადირო თოფით - გურჯაანში მომხდარი მკვლელობის დეტალები

27.01.22 14:07
მკვლელობა ორლულიანი სანადირო თოფით - გურჯაანში მომხდარი მკვლელობის დეტალები

ახალი დეტალები გურჯაანში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე -"პირველებისთვის" მომხდარის კიდევ ერთი სავარაუდო ვერსია ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ მკვლელობას წინ ბრალდებულსა მის მსხვერპლს შორის ხელჩართული ჩხუბი უძღოდა. 

დაკავებულის მხარე შურისძიებას გამორიცხავს. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, გუშინ გვიან ღამით, 36 წლის გელა ჩაღიაშვილი მივიდა 60 წლის გიორგი მღებრიშვილის საცხოვრებელ სახლთან და საახალწლო პიროთექნიკა ააფეთქა.

ადვოკატის მტკიცებით, ჩაღიაშვილი კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობდა. რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, საბოლოოდ კი მღებრიშვილმა 36 წლის კაცს სამი ტყვია ესროლა. 

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 60 წლის კაცი აცხადებს, რომ შურისძიება მისი მიზანი არასდროს ყოფილა. 

"აღიარებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდაცვლილი მივიდა მისი სახლის კარებთან, ააფეთქა საახალწლო ასაფეთქებელი და შემდეგ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. რასაც ვერ გაუძლო და მოკლა ეს ადამიანი" - აცხადებს ადვოკატი. 

სასტიკი მკვლელობა გუშინ მოხდა.  როგორც ირკვევა, 60 წლის გიორგი მღებრიშვილმა 36 წლის გელა ჩაღიაშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. ახალგაზრდა კაცს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, აქიდან ერთი თავის არეში, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, 2013 წელს ჩაღიაშვილმა მღებრიშვილის დისშვილი მოკლა, სასჯელიც მოხადა, 10 წელი ციხეში იჯდა.