ომბუდსმენმა ევოლუშენ ჯორჯიაში თანამშრომლის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა

29.01.22 15:20
ომბუდსმენმა ევოლუშენ ჯორჯიაში თანამშრომლის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა

"კოლეგის მხრიდან ადგილი ჰქონდა ქალის მიმართ არასასურველ, სექსუალური ხასიათის ვერბალურ ქცევას, რომელმაც დაამცირა და შეურაცხყოფა მიაყენა დასაქმებულს" - სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადგინა.

ომბუდსმენმა, შემავიწროებელსა და კომპანიას რეკომენდაციით უკვე მიმართა.

რეკომენდაციაში ვკითხულობთ, რომ დასაქმებულისათვის ტელეფონის ნომრის გამორთმევამ, სექსუალური შინაარსის შეურაცხმყოფელი შეტყობინების გაგზავნამ და სხვა თანამშრომელთან მისი ცხოვრების სექსუალურ ჭრილში დამამცირებელმა შეფასებამ განმცხადებელს მტრული გარემო შეუქმნა.

როგორც ირკვევა, თავად კომპანია აცხადებს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები სექსუალური შევიწროების დასადგენად. ომბუდსმენი კი მიიჩნევს, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო დასაქმებულის უფლებების ეფექტიანი დაცვა.

სახალხო დამცველი ერთი მხრივ, შემავიწროებელს მოუწოდებს, სამუშაო ადგილზე თუ სხვა სფეროში, არასდროს აღარ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ადამიანებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო, ხოლო მეორე მხრივ, შპს ევოლუშენ ჯორჯიას მიმართავს, მომავალში ეფექტიანად შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევები და გადადგას პროაქტიული ნაბიჯები, მათ შორის, მოამზადოს და დანერგოს სექსუალური შევიწროების შიდა პოლიტიკის დოკუმენტი და იმუშაოს თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებაზე", - წერია განცხადებაში.