უმეთვალყურეოდ დატოვებულმა პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო - პენიტენციურის 3 თანამშრომელს ბრალი წარედგინა
პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის 3 თანამშრომელს ბრალი წარედგინა. დგინდება, რომ თანმშრომლების გულგრილობას პატიმრის სიკვდილი მოჰყვა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებული, მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, იმყოფებოდა 24 საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ.
2021 წლის 14 ოქტომბერს, პატიმარი სამკურნალოდ გადაიყვანეს და სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღჭურვილ პალატაში მოათავსეს. 15 ოქტომბერს, საბადრაგო ჯგუფის წევრებმა, რომლებსაც პატიმრის მონიტორინგი ევალებოდათ, პალატაში მარტო მყოფი ბრალდებული დატოვეს მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე. უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ბრალდებულმა თავი ჩამოიხრჩო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომლებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა წარუდგინა.