ჯარისკაცის ბუნდოვანი გარდაცვალების საქმე - ოჯახი დროულ გამოძიებას ითხოვს
გარდაცვლილი 32 წლის ქართველი სამხედროს, მევლუდ ბენდელიანის ოჯახი საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. ბენდელიანი ქობულეთის ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ეს უკვე მესამე სამხედროა, რომელიც ბოლო პერიოდში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ჯარისკაცის ოჯახის წევრები საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ და კიდევ ერთი სამხედროს ბუნდოვანი გარდაცვალება მათთვის დასტურია, რომ საქმე უბედურ შემთხვევასთან არ აქვთ. ოჯახის ინფორმაციით, სამხედრომ ჯერ საზღვარი გადალახა, შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და 3 დღეში ის გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილის დედას გამოძიების ვერსიის არ სჯერა და ფიქრობს, რომ მევლუდ ბენდელიანი თავს არ მოიკლავდა.
რატომ იღუპებიან სამხედროები ყოველ მეორე დღეს, რატომ ხდება ეს. მოკიდოს გამოძიებამ ხელი ნუ ზიან კაბინეტებში", - ამბობს გარდაცვლილის დედა.
ქვეყანამ ბოლო ერთ კვირაში სამი სამხედრო, ავღანეთის სამშვიდობო მისიის და აგვისტოს ომის მონაწილეები დაკარგა. სამივე ამბავზე თავდაცვის სამინისტრო დუმს.
გამოძიებას არ ენდობა ასევე გორში ნაპოვნი გარდაცვლილი 45 წლის შალვა ტაბატაძის ოჯახი. გამოძიების ვერსიით, სამხედრო ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. შალვა ტაბატაძის ახლობლები პირველებთან საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ და გამოძიების ოფიციალურ ვერსიას ეჭქვეშ აყენებენ. ოჯახს აინტერესებს, როგორ აღმოჩნდა ხიდის ქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის ცხედარი ან რატომ არ მოიძია პოლიციამ მძღოლი, თუ მანქანა იპოვა.