ეროვნული მუზეუმის დირექტორი კულტურის მინისტრს მიზანმიმართულ ტყუილში ადანაშაულებს

14.02.22 17:27
ეროვნული მუზეუმის დირექტორი კულტურის მინისტრს მიზანმიმართულ ტყუილში ადანაშაულებს

ეროვნული მუზეუმის დირექტორი კულტურის მინისტრს საჯაროდ დაუპირისპირდა. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე დავით ლორთქიფანიძემ თეა წულუკიანი მიზანმიმართულ სიცრუეში დაადანაშაულა. საუბარია დაკარგულ ნახატებზე, რომლებიც თეა წულუკიანის მტკიცებით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს დაიკარგა. ეროვნული მუზეუმის დირექტორი კი ამბობს, რომ ქართველი მხატვრების ნახატები, ჯამში 53 ტილო, 90-იან წლებში საელჩოებს გადასცეს. 

არცერთი ნივთი, მას შემდეგ რაც ეროვნული მუზეუმი შეიქმნა 2005-დან და დღეს 2-22 წლამდე ე.წ. დაკარგული არ არის. ის საუბრები, იმ კოლექციების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა საელჩოებში მოხვდა, ეს იყო 90-იან წლებში. რაღაც ნაწილი არ იყო დოკუმენტირებული, ვთქვათ, რაღაც ნაწილი დაიკარგა, მაგრამ ეს ყელაფერი იყო დაფიქსირებული შემდგომში ჩვენ მიერ და იყო მოთხოვნილი,- თქვა ეროვნული მუზეუმის დირექტორმა. 

ეროვნულ მუზეუმში გამართულ ბრიფინგზე დავით ლორთქიფანიძემ ასევე საგრანტო პროექტებზე ისაუბრა. საქმე ეხება 13 პროექტს, რომლებიც ეროვნულმა მუზეუმმა მოიგო და მეცნიერებს 2 მილიონიანი გრანტი უნდა მიეღოთ, თუმცა ასე არ მოხდა. ლორთქიფანიძის თქმით, რასაც დღეს კულტურის სამინისტრო აკეთებს, შეცდომაა და ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს, რათა გადაიხედოს დებულება და პროექტები გახორციელდეს.

ის გამარჯვებული პროექტები გადიან დიდ ფილტრებს. ეს არ არის ვიღაცა ერთის გადაწყვეტილებით. შესაბამისად, ყველა გამარჯვებულმა გაიარა ფილტრი ჯერ საქართველოში და ასევე უცხოეთში. ყველანაირ შევეცდებით, რომ ის იურიდიული ცვლილება, რომელიც შეტანილი იქნა ჩვენს დებულებაში, იყოს გადასინჯული. მე ბუნებრივია, ვიყავი მომხრე იმის, რომ ეს პროექტები დაფინანსებულიყო, - განაცხადა ლორთქიფანიძემ. 

დავით ლორთქიფანიძეს  ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელი ნიკა ახალბედაშვილი დაუპირისპირდა. თეა წულუკიანის მიერ დანიშნულმა კადრმა ეროვნული მუზეუმის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

შედეგების მიხედვით თითქმის ყველა ფონდში არის გარკვეული ხასიათს დანაკლისი, ზოგგან რაოდენობრივად უფრო მეტი, ზოგგან ნაკლები. ის დაკარგული ექსპონატები, რომელიც 2012 -13 წელს გატანილი იყო და დ აბრუნდა მუზეუმში. ეს არის ნამუშევრები, რომლებიც გატანილია ბატონი დავითის ხელმძღვანელობის დროს, - თქვა ახალბედაშვილმა.

საპასუხოდ ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელს შენიშვნები მეცნიერებმა მისცეს. მათი თქმით, ასეთი წინააღმდეგობა მეცნიერებს არცერთი მმართველობის დროს არ ახსოვთ. მრავალი სტაჟის მქონე მეცნიერები ამბობენ, რომ კულტურის მინისტრი მეცნიერების დაშინებას ცდილობს. 

მსგავსი სიახლეები