გარდაცვლილი მედდის საქმე - პროკურატურამ 3 ექიმს ბრალი წარუდგინა

07.04.21 20:45
გარდაცვლილი მედდის საქმე - პროკურატურამ 3 ექიმს ბრალი წარუდგინა

მეგი ბაქრაძის საქმეზე, გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, პროკურატურამ ახალციხის კლინიკა "იმედის" 3 ექიმს  ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 18 მარტს ქ. ახალციხეში, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“ მ.ბ.-ს ჩაუტარდა „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მ.ბ.-ს თავდაპირველად გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება აღნიშნულ კლინიკაში გაეწია, ხოლო შემდგომ იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ გადაყვანილ იქნა თბილისში, „თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში“, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ ბ.ლ., ვ.ი. და თ.გ, რომლებიც გამოკითხვის დაწყებამდე გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულ იქნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად ამისა, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვ.ი. არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, ვ.ი.-ს ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მ.ბ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები. აღნიშნული ფაქტი ჩვენებებით დაადასტურეს ასევე ბ.ლ-მ და თ.გ-მ. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვ.ი-ს მ.ბ-ს მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მ.ბ-ს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა,"- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხის კლინიკაში AstraZeneca-თი აცრის შემდეგ 27 წლის მედდა, მეგი ბაქრაძე კომაში ჩავარდა. ის კატასტროფის ბრიგადამ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა, თუმცა მისი გადარჩეა ექიმებმა ვერ შეძლეს.