ნიკა მელიას პატიმრობა ნიკა მელიას თვითმიზანია - პროკურორი

08.04.21 11:21
ნიკა მელიას პატიმრობა ნიკა მელიას თვითმიზანია - პროკურორი

ბრალდების მხარე წარმოდგენს უტყუარ მტკიცებულებებს ნიკანორ მელიას დანაშაულებრივ  ქმედებებთან  დაკავშირებით, - ამის შესახებ ნიკა მელიას საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

საქმეში მოიპოვება არა ერთი მოწმის ჩვენება, არა ერთი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ნიკანორ მელიას მხრიდან იმ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობას და ამ ქმედებების ორგანიზებას, რომელიც საბოლოო ჯამში განხორციელდა პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის მტკიცებულებების სტანდარტი, რომელიც უტყუარად ადასტურებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას, - განაცხადა ამირან გულაშვილმა.

ბრალდების მხარის თქმით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პატიმრობა პროკურატურის თვითმიზანი არ ყოფილა. გულაშვილის განმარტებით, ეს თავად ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების თვითმიზანია. 

ნიკანორ მელიას პატიმრობა არსდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. დაცვის მხარე რეალურად ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას, იძახის რა, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. რეალურად ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელიას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი, - ამბობს პროკურორი.

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ნიკანორ მელიას სასამართლო პროცესი იწყება.