ბათუმში 28 წლის ქალი Covid-19-ით გარდაიცვალა

08.04.21 12:21
ბათუმში 28 წლის ქალი Covid-19-ით გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით 28 წლის ნათია ტუღუში გარდაიცვალა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებიდან შეიყვანეს. 

მედიკოსების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას კრიტიკულად მძიმე იყო, მას ფილტვები სრულად ჰქონდა დაზიანებული. 

ექიმების განცხადებით, პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა. 

დაგვიანებით მიმართვას ადასტურებს გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრებიც: 

პანიკურად ეშინოდა საავადმყოფოსი და უარს ამბობდა გადაყვანაზე. ექიმი როცა ურეკავდა, ეუბნებოდა, რომ კარგად იყო. კატეს გადაღებაზეც უარი თქვა. კლინიკაში ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ჩვენ დავაგვიანეთ"-  უთხრა "პირველებს" გარდაცვლილის დედამ. 

რაც შეეხება ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის სტატისტიკას, გურიაში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სოფელ შრომაშია, სადაც რამდენიმე დღეა, ბლოკპოსტებია განთავსებული და თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. აჭარაში კი დღე_ღამის განმავლობაში 67 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 109 პაციენტია, აქედან 22-ის მდგომარეობა მძიმეა, ერთის კი- კრიტიკული. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, მოსახლეობაში ვირუსი ცირკულირებს და ვითარება საყურადღებოა.