გვაქვს მტკიცებულება, რომ თავდასხმა ხელისუფლების მიერაა წახალისებული - "ფორმულა"

09.04.21 15:44
გვაქვს მტკიცებულება, რომ  თავდასხმა ხელისუფლების მიერაა წახალისებული - "ფორმულა"

გვაქვს საფუძველი და მტკიცებულება, რომ თავდასხმა წაახალისა სახელისუფლებო სტრუქტურებმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა - ამის შესახებ ტელეკომპანია ,,ფორმულას" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, გიორგი თარგამაძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ტელეკომპანიის თანამშრომლის მანქანაზე ისეთ ადგილას დააზიანეს მინა, სადაც ,,ფორმულას" ლოგო იყო დამაგრებული.

ჩვენი თანამშრომლის მანქანაზე  იმ ადგილას, სადაც ჩვენი ტელეკომპანიის ლოგო იყო მიმაგრებული, ჩამსხვრეულია მინა, მანქანიდან არაფერია წაღებული. იმ თანამშრომლებზე ძალადობენ, რომლებიც ჩვენთან ერთად ქმნიან საერთო ჟურნალისტურ პროდუქტს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია.  გვაქვს საფუძველი, ვიქონიოთ ეჭვი და გვაქვს მტკიცებულებები, რომ ეს წახალისებულია სწორედ სახელისუფლებო სტრუქტურებისა და პოლიტიკური ლიდერების მხრიდან - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

ტელეკომპანია ,,ფორმულას" თანამშრომლები დღეს უცნობი პირების აგრესიის სამიზნე გახდნენ. თავდასმხელები ტელევიზიის ერთ-ერთ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ უცნობი პირები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ახსენებდნენ ,,ფორმულას". კიდევ ერთი თანამშრომელი იხსენებს, რომ მანქანის  საქარე მინა იმ ადგილას ჩაამსხვრიეს, სადაც ,,ფორმულას" საშვი იყო მიმაგრებელი.  

პირადი კონფლიქტი არავისთან მქონია. სხვას რას უნდა დავუკავშირო საქარე მინის ჩამსხვრევა, არ ვიცი, - აღნიშნავს ,,ფორმულას" თანამშრომელი, არჩილ ტიმონაშვილი.

მსგავსი სიახლეები