"უცნობი" დაჯარიმდება - დედაქალაქის მერია მომღერალს ვანდალიზმის ფაქტის გამო ედავება
„უცნობი“ დაჯარიმდება. აქციის ორგანიზატორს დედაქალაქის მერია ვანდალიზმის ფაქტს ედავება. საქმე ეხება წარწერას „ღმერთი სიყვარულია“, რომელიც გია გაჩეჩილაძემ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე გააკეთა.
გია გაჩეჩილაძე, რომელიც ერთ დროს თავად ათენებდა კარვებსა და საკნებში, დღეს მედიის, ოპოზიციისა და რუსთაველზე განთავსებული ,,კარვების ქალაქის" წინააღმდეგ გამოვიდა. „ინტელექტუალურ აქციაზე“, როგორც ღონისძიებას აქციის ორგანიზატორები უწოდებენ, საჯარო მოხელეები, სტუდენტები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მივიდნენ. იყვნენ რეგიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანებიც, რომლებსაც უთხრეს, რომ პატრიარქის მხარდამჭერ აქციაზე მიჰყავდათ. აღმოჩნდა, რომ იქ მყოფები ქვეყანაში კრიტიკული მედიისა და ოპოზიციის არსებობას აპროტესტებდნენ.
აგრესიით გამორჩეული ადამიანები ამბობდნენ, რომ „სიყვარულის“ აქციაზე მივიდნენ, თუმცა შეკრებაზე ჟურნალისტების მისამართით გინება და შეურაცხყოფა ისმოდა.
ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ იყვნენ აქციის მონაწილეები მედიის და ოპოზიციის მიმართ აგრესიულები, „უცნობმა“ სიმღერით უპასუხა.