5 ივლისის საქმე - სახელმწიფო ბრალდებამ დაკავებულებს დასკვნითი სიტყვა გააცნო
5 ივლისის მოვლენებზე დაკავებული მოძალადეების საქმის განხილვა სასმართლოში დასკვნით ეტაპზეა. სასამართლო პროცესი, რომელზეც ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერს, დავით კუტალაძეს და კიდევ 5 პირს სახელმწიფო ბრალდებამ დასკვნითი სიტყვა გააცნო, 3 საათს გაგრძელდა.
სწორედ კუტალაძე იყო ის , ვინც ,,ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე ძალადობასა და ცემაში მონაწილეობდა.
სასამართლო სხდომას 6-ვე ბრალდებული ესწრებოდა. საქმის პროკურორმა 53 ჟურნალისტისა და ექსპერტიზის დასკვნები მიმოიხილა. თამუნა იაკობიძე ცდილობდა, მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ 5 ივლისის მოვლენები ჯგუფურად დაორგანიზებულ ძალადობას, დევნას და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას წარმოადგენდა.
დასკვნითი სიტყვით დავით კუტალაძის ადვოკატი, ონისე მარგიანიც, გამოვიდა. მან 10 წუთის განმავლობაში ისაუბრა და ,,ტვ პირველის" ჟურნალისტის, მირანდა ბაღათურიას, ჩვენებებზე აპელირებდა. უფლებდამცველი შეეცადა, ბაღათურიას ჩვენებები ეჭვქვეშ დაეყენებინა.
5 ივლისის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 30 მარტს ჩაინიშნა. დარჩენილია 5 ადვოკატის დასკვნითი სიტყვა, რის შემდეგაც საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს.