შშმ პირზე ძალადობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი შესაძლოა, საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლონ
სმენადაქვეითებულ არასრულწლოვანზე ძალადობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.
კახა ბაკაშვილმა დღეს სასამართლოს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ აღიარებს დანაშაულს. ბაკაშვილის თქმით, არ ელოდებოდა, თუ მისი მეწყვილე შშმ პირს სცემდა. ის თანამშრომლობს გამოძიებასთან და სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებას ითხოვს.
ბრალდებულის თხოვნაზე პროკურატურა პასუხს ორ კვირაში იტყვის.
პროკურატურამ 25 იანვარს მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავა.
შოთაძის უწყებამ ნუკრი ბაქრაძეს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს, კახა ბაკაშვილს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარუდგინა.