თუ ვინმე თვლის, რომ ამოცანა შესრულებულია, ეს თავის მოტყუებაა - მეუფე გრიგოლი მეუფე სტეფანეს პასუხობს

10.04.21 16:23
თუ ვინმე თვლის, რომ ამოცანა შესრულებულია, ეს თავის მოტყუებაა - მეუფე გრიგოლი მეუფე სტეფანეს პასუხობს

ფოთისა და ხობის მიტოპოლიტი მეუფე გრიგოლი, ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებას გამოეხმარა. მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ გატარებული ღონისძიებებით პრობლემა არ ამოწურულა და ეს მხოლოდ თავის მოტყუებაა. ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნო განცხადებას ავრცელებს.

"თუ ვინმე თვლის, რომ უკვე გატარებული ღონისძიებების შედეგად დასახული ამოცანა შესრულებულია და ამით პრობლემა ამოწურულია, ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდა! ნებისმიერი მწვავე პრობლემა მრავალი წახნაგისგან შედგება და მის არსში გასარკვევად განხილული და გაანალიზებული უნდა იქნეს მთელი მოცემული სიტუაცია მთლიანობაში. პრობლემები არამც და არამც არ გაქრებიან - მათი პირდაპირი თუ ირიბი - უგულებელყოფის შედეგად, არამედ მათ შესაძლოა კიდევ უფრო მწვავე და მძაფრი ხასიათი შეიძინონ. თუკი ჩვენ დღეს ეკლესიაში არსებული პრობლემების თაობაზე წუხილს გამოვთქვამთ, ამან კი არ უნდა შეაკრთოს ან შეაშინოს ვინმე, არამედ უნდა დააფიქროს არსებული პრობლემის ძირებზე, რადგან ჩვენი (ანუ მწყემსთა) მისიაა ცხვრების შეკრება და არა გაბნევა, შერიგება და არა - დაპირისპირება და დაყოფა", - ამბობს, მეუფე გრიგოლი განცხადებაში. 

მეუფე გრიგოლი განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ეკლესიაში არსებული კრიზისის მოსაგვარებლად. 

ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ვითარებამ მორწმუნეებში დაბნეულობა ან სულაც იმედგაცრუება გამოიწვიოს, რადგან საქართველოს მრავალი მკვიდრი სწორედ ჩვენს ეკლესიას შეჰყურებს იმედის თვალით, თუმცა არც ის უნდა დავუშათ, რომ არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდეს და ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას, დამატებით ახალი მწვავე პრობლემები გაუჩნდეს.

 გადაუდებელ ამოცანად გვესახება არსებულ პრობლემებზე კვალიფიციური მსჯელობის დაწყება და მისი კანონიკურ ჩარჩოებში წარმართვა. უტყუარი ფაქტია, რომ ხსენებულ მოვლენებზე საზოგადოებასა და მედიაში ფართო დისკუსიაა გაშლილი, რის შედეგადაც ისმის არაერთი მწვავე შეკითხვა, რომლებზეც დამაჯერებელი პასუხების გაცემა ჩვენი პირუთვნელი მოვალეობაა. ამ და სხვა პრობლემური საკითხების შესახებ ეკლესიაში უნდა დავიწყოთ კონსტრუქციული და საქმიანი დიალოგი, რომლის შედეგებმაც ხელი უნდა შეუწყოს არსებული კრიზისული (ხშირად, უაღრესად კონფლიქტური) ვითარების განმუხტვას და დამაჯერებელი პასუხი გასცეს ყველა იმ სირთულესა და გამოწვევას, რომლის წინაშეც სწორედ რომ დღეს დგას ჩვენი დედა ეკლესია!", - წერია განცხადებაში. 

 ცნობისთვის, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა  სტეფანე მეუფე გრიგოლი "ბატონ მეუფედ" მოიხსენია და ამბიონიდან მიმართა. მეუფე სტეფანემ მეუფე გრიგოლი  მისი განცხადებების გამო გააკრიტიკა, რომელიც მას კანონიერი ჩარჩოებიდან გასვლაში ადანაშაულებდა.