ექიმების იდენტური ჩვენებები - გარდაცვლილი მედდის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს
გარდაცვლილი 27 წლის მედდის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ადვოკატების თქმით, 3 მოწმის ჩვენება, მათ შორის მეგი ბაქრაძესთან ერთად აცრილი პირის და კლინიკა "იმედის" თანამშრომლის, საქმიდან გამქრალია. ადვოკატების თქმით, ეს ჩვენებები გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია. მეგი ბაქრაძის ადვოკატები ასევე აღნიშნავენ, რომ საქმეში არსებული ჩვენებები ერთმანეთის იდენტურია, რაც ეჭვებს იწვევს. ადვოკატ ვახო ბარამაშვილის თქმით, საქმეში არ დევს "ასტრაზენეკას" ფლაკონიც.
ექიმების ჩვენების სამი ნაკადი არის. პირველ ნაკადში იგრძნობა, რომ არის ჰარმონიზებული და შეთანხმებული ერთმანეთთან გარკვეულ შემთხვევებში, ერთი და იგივე ტექსტებსაც კი იმეორებს. იგივე ხდება მეორე და მესამე ნაკადის ჩვენებებშიც, შესაბამისად, ვარაუდი იმის, რომ ხდება საქმის დალაგება და გალამაზება, ამის ვარაუდი შეიძლება, ,,ასტრაზენეკას" ფლაკონი დღემდე არ არის ამოღებული საქმის მასალებში, გამოძიება გვპირდება, რომ ორშაბათს იქნება საქმის მასალებში - ამბობს ადვოკატი ვახო ბარამაშვილი.
27 წლის მედდა ახალციხის "იმედის" კლინიკაში "ასტრაზენეკას" ვაქცინით 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე 19 მარტს თბილიში გადმოიყვანეს, ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
საქმეზე პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალი 3 ექიმს წარუდგინა, სასამართლომ მათ აღკვეთის სახით 3 000-3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.