გორის მერიის მორიგი სკანდალი - ოპოზიცია შესაძლო კორუფციულ სქემაზე საუბრობს

12.04.21 11:52
გორის მერიის მორიგი სკანდალი - ოპოზიცია შესაძლო კორუფციულ სქემაზე საუბრობს

გორის მერია მორიგ სკანდალში ეხვევა. საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 315 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა სააღმზრდელო დაწესებულება ისევ არ მუშაობს. ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ შენობის სარებილიტაციო სამუშაოები დასრულდა, თუმცა ობიექტი ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. გარეჯვრის მოსახლეობა ამბობს, რომ ბავშვები ბაღში სიარულს უკვე მეორე წელია, ვერ ახერხებენ. 

პირველი ტენდერი გორის მუნიციპალიტეტის  მერიამ გარეჯვრის საბავშვო ბაღის რაებილიტაციასთან დაკავშირებით 2019  წელს გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 215 ათასი ლარი მიიღო.  სამუშაოების მეორე ეტაპის განსახორციელებლად  მეორე ტენდერი გამოაცხადდა და  გამარჯვებულ კომპანიას გორის მერიამ თითქმის 100 ათასი ლარი გადაუხადა. 

ადგილობრივი ოპოზიცია გორის მერიაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები და კომპანიის ხელმძღვანელობა ერთმანეთთან გარიგებულები არიან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან სხვადასხვა ობიექტებისთვის გამოყოფილ თანხებს ერთმანეთში იყოფენ. 

გამქრალ თანხებთან და დაუსრულებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გორის მერიაში განმარტებებს არ აკეთებენ.