ვითარება რიონის ხეობაში - აქტივისტები მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან

13.04.21 11:22
ვითარება რიონის ხეობაში - აქტივისტები მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან

რიონის ხეობის მცველები დღეს მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ - პროტესტის ეპიცენტრი სოფელი გუმათია, სადაც 170 დღიანი პროტესტის შემდეგ აქციის მონაწილეები პოლიციამ ძალის გამოყენებით გუშინ გადმოიყვანა. რიონიც მცველის, ვარლამ გოლეთიანის, თქმით, ისინი სთხოვენ სამართალდამცავებს, რომ გადაადგილების საშუალება მისცენ და პროტესტი თავდაპირველ ლოკაციაზე გააგრძელონ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ მათ რიონის ხეობაში  პროტესტის გაგრძელების საშუალება არ ექნებათ, მასშტაბურ აქციას თბილისში გამართავენ. 

თუკი ეს პროცესი შედეგს ვერ გამოიღებს და არ გვექნება პროტესტის გაგრძელების შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში გადავინაცვლებთ დედაქალაქში. საღად, ადეკვატურად მიუდგნენ საკითხს, ნუ ამყოფებენ თავანთ თავს აგონიურ და სირაქლემის პოზიციაში, თითქოს არ იციან, რა ხდება, თითქოს არ იციან, რამდენად დიდია ემოციური ფონი ადამიანებში და თითქოს არ იციან, რა განვითარება შეიძლება, მოჰყვეს ამ პროცესებს - ამბობს ვარლამ გოლეთიანი. 

გოლეთიანმა ტვ პირველთან განაცხადა, რომ  ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის, ამიტომ ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.

პროტესტი ნამოხვანჰესის წინააღმდეგ ისევ სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზების პარალელურად მიმდინარეობს. გუშინ ღამე რიონის ხეობაში სპეცრაზმი გამოჩნდა. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს რიონის ხეობისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. 

შეგახსენებთ, რომ შსს-ს გადაწყვეტილებით, რიონის ხეობაში აქტივისტების კარვები აღებულია. გადაწყვეტილება რიონის შესაძლო ადიდებითა და უსაფრთხოების ზომებით ახსნეს. 

მსგავსი სიახლეები