პოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს - ოპოზიცია

13.04.21 11:42
პოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს - ოპოზიცია

ოპოზიციის წარმომადგენლებს „ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას,  პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიტიური პროგნოზის გაკეთება უჭირთ. გიგი უგულავას თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწვეტილებებში ლოგიკის პოვნა რთულია, თუმცა პოლიტიკური ლოგიკა ოპოზიციონერი ლიდერის ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვს. 

როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ, ლოგიკის პოვნა ძნელია, მაგრამ მეორეს მხრივ, ოდნავ ჯანსაღი აზრი თუ ვინმეს შერჩენია, უნდა მიხვდნენ, რომ გამოვიდნენ თავიანთი პარტიული, პირადი ძალაუფლების ხიბლიდან. უდავო ფაქტია, რომ ნიკა მელიას პატიმრობა აღრმავებს კრიზისს. საქართველოს საკითხი, ერთის მხრივ, ძალიან დიდ ფოკუსშია და, მეორე მხრივ, დიდ საფრთხეებსაც შეიცავს. პოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს, რომ ის გათავისუფლდეს, - აცხადებს უგულავა.

პოზიტიურ მოლოდინებზე საუბარი უჭირს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, აკაკი მიანშვილსაც. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ნიკა მელიასი ეშინია, რაც შეიძლება, მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი გახდეს. ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, აკო მინაშვილი, ამბობს, რომ მოვლენების ამგვარი  განვითარების შემთხვევაში „ოცნებას“ მძიმე პოლიტიკური დასასრული ელის. 

რთულია მოლოდინებზე საუბარი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში ჰყავს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლების მთავარი მიზანი არ არის ხალხზე ზრუნვა. ეს არ არის მათი მთავარი მიზანი, რომ ქვეყანაში მდგომარეობა დასტაბილურდეს და გამოწორებისკენ წავიდეს. მათი ერთადერთი მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. ნიკა მელიასი ეშინიათ მათ და ამიტომ მოლოდინებზე ოპტიმისტური დამოკიდებულება ვერ მექნება. მეორე მხრივ, რაც უფრო დიდხანს იქნება ნიკა მელია პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და  დიდხანს იქნება ციხეში, მით უფრო მძიმე იქნება მათი პოლიტიკური დასასრული, - აცხადებს აკაკი მინაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის, თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ეს იქნება მკაფიო სიგნალი დასავლელი პარტნიორებისთვის, რამდენად მზად არის „ქართული ოცნება“ ქვეყანაში კრიზისის დასაძლევად.

არანაირი მოლოდინი არ გამაჩნია, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ მიმდინარეობდა მთელი ეს პროცესი. დღეს იქნება ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, რომელსაც გაახმოვანებს მოსამართლე. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს მოსამართლემ, ეს იქნება ნიკა მელიას გათავისუფლება, თუ მისი პატიმრობაში დატოვება, ეს იქნება მკაფიო სიგნალი მთელი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთის, მზად არის თუ არა ხელისუფლება იმისათვის, რომ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, - ამბობს უდუმაშვილი.

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში  ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების შესახებ უნდა იმსჯელოს. 
 

მსგავსი სიახლეები