6 მილიონი ლარი მეწყერის შესაჩერებლად - სამუშაოების ეფექტურობა ეჭვქვეშაა

13.04.21 12:09
6 მილიონი ლარი მეწყერის შესაჩერებლად - სამუშაოების ეფექტურობა ეჭვქვეშაა

მაჭავარიანის ფერდობზე დაწყებული მეწყრული პროცესების შეჩერება პირველ ეტაპზე 6 მილიონი ლარი დაჯდება. ფერდობის ზედა მხარეს მძიმე ტექნიკა მუშაობს, რომლის მიზანიც ნაპრალების მიწით ამოვსებაა. ამის მიუხედავად, უცნობია, გამოიღებს თუ არა  აღნიშნული სამუშაოები შედეგს. ამ დროისათვის არ არსებობს არც ერთი საჯარო გეოლოგიური დასკვნა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები ეფექტური იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები არაეფექტური აღმოჩნდა , მოსალოდნელი საფრთხის გარდა, დედაქალაქის მერიას ხელახალი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დამატებითი მილიონების გადახდა მოუწევს.

ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ნაპრალების მიწით ამოვსება შედეგს არ გამოიღებს, რადგან მეწყრული პროცესი არ შეჩერდება. „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი, დედაქალაქის მერიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და მას თანხების გაფლანგვაში ადანაშუალებს.   

ის, რომ რაღაცა სილით და თიხით ამოვსეს და თურმე იქ არ ჩაირეცხება ნიადაგი, უკაცრავად, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც ყოველდღიურად გრძელდება, ანუ ეს ნაპრალი ყოველდღიურად იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად სილით უნდა იდგას დედაქალაქის მერია და მთავრობა, რომ ავსებდნენ ნაპრალს, რომელიც ყოველდღიურად იზრდება. ეს ხომ სრული სიგიჟეა? ამასობაში, თან ვხარჯავთ მილიონობით ლარს ბიუჯეტიდან, - ამბობს  ხაბეიშვილი.

აღნიშული სამუშაობის ჩატარების წინააღმდეგ გამოდიან სპეციალისტებიც. მათი თქმით, მაჭავარიანის ფერდობზე ნაპრალების მიწით ამოვსებამ შესაძლოა, მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს.