შეზღუდვების კიდევ ერთი მსხვერპლი - მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კარანტინში გაუშვეს
ენგურის ხიდზე დაწესებული იძულებითი კარანტინი კიდევ ერთი ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდა. ტვ პირველის ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცი გალიდან უმძიმეს მდგომარეობაში რეანომობილით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს, თუმცა ის შესაბამისი კვლევების ჩატარებამდე გაუსაძლისი ტკივილებით ანაკლიის საკარანტინე სივრცეში დატოვეს. ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა იძულებით იზოლაციაში კიდევ უფრო დამძიმდა და ახლა ექიმების თქმით, მისი მკურნალობა დაგვინებულია.
კარანტინის დასრულების შემდგომ ოჯახმა მამაკაცი თბილისში გადმოიყვანა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მას თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციაში იმყოფება.
ვეხვეწეთ, ვისთან არ დავრეკეთ, ვთხოვე, რომ ცუდად იყო, მაგრამ წესი წესიაო და გადაიყვანეს ეს ბავშვი ანაკლიაში. თბილისში აღმოჩნდა, რომ ჰქონია სიმსივნე. მიუხედავად ასეთი ტკივილებისა, 1 საათიც მნიშვნელოვანი იყო, ისეთი მდგომარეობა ჰქონდა -ამბობს ოჯახის წევრი.
ოჯახის წევრები ტიკარაძის უწყებას ფინანსურ დახმარებას სთხოვენ, რადგან მათ უსახსრობის გამო მკურნალობის გაგრძელების საშუალება არ აქვთ.