დავით კოდუას ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

13.04.21 16:19
 დავით კოდუას ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

პროკურატურამ ოჯახის წევრების მიმართ განხორცილებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენ დავით კოდუას ბრალი წარუდგინა. კოდუა  მეუღლის და შვილის მიმართ განხორცილებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზეა ბრალდებული. 
საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აპრილს, ქ.თბილისში, დ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის - ნ.გ.-ს  და შვილის ე.კ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. 
სამართალდამცველებმა დ.კ. 2021 წლის 12 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც  ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. მისმა მეუღლემ თავიდან განაცხადა, რომ კოდუამ მასზე იძალადა, თუმცა, მოგვიანებით ჩვენება შეცვალა.