ბორჯომის ქარხანაში თანამშრომელთა მასობრივი პროტესტი იწყება
რუსი ოლიგარქის კომპანიას თანამშრომლები აუმხედრდნენ. ,,ბორჯომის" ქარხნის ასობით თანამშრომელი კოლეგების სახლში გაშვებას აპროტესტებს და სამსახურში აღდგენას მოითხოვს. ბორჯომი კვლავ პროტესტის ეპიცენტრად რჩება, ადგილზე იმყოფებიან პროფკავშირების წარმომადგენლებიც.
,,ტვ პირველის" ინფორმაციით, გუშინ გათავისუფლებული 49 თანამშრომლიდან უმეტესობა პროფკავშირის წევრია. ეს ის ხალხია, ვინც კომპანიის პოზიციას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა.
თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი გათავისუფლებით ქარხნის ადმინისტრაცია შურისძიებას ახორციელებს. უთანხმოება გათავისუფლებულ მუშებსა და კომპანიის ხელმძღვანელებს შორის ახალმა ხელშეკრულებამ გამოიწვია, სადაც საუბარია ხელფასების 50%-იან კლებაზე.
მუშებმა და პროფკავშირის წარმომადგენლებმა გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება შეიტანეს და მედიაციის პროცესს ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ თუ გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამსახურში არ დააბრუნებენ, საპროტესტო ტალღა დაიწყება.
გათავისუფლების ოქმი არანაირი არ ჩაგვბარებია. არც არავის შეუტყობინებია, უბრალოდ, ინტერნეტში ვნახეთ, რომ დღეიდან უმუშევარი ვართ.
არ ვიცი, რის საფუძველზე გაათავისუფლეს, რა რეორგანიზაცია ჩამოაყალიბეს. ვმუშაობთ სამუშაო გეგმაზე, გვერდზე გვიდგას მთელი ქარხანა და შესაძლოა, მუშები ქარხანაში სოლიდარობის ნიშნად არ შევიდნენ. ყველა მათგანი მოითხოვს, რომ გათავისუფლებულები აღადგინონ. - აცხადებს ერთ-ერთი მუშა.
გათავისუფლებულები მუშები ითხოვენ შეხვედრას ქარხნის ადმინისტრაციასა და პრემიერ ღარიბაშვილთან, სადაც უნდა მოხდეს მათი ინფორმირება, თუ რატომ მოხდა მათი შემცირება, წინააღმდეგ შემთხვეაში ისინი აქციებს აანონსებენ.