დაძაბული ვითარება რიონის ხეობაში - დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი

13.04.21 23:00
დაძაბული ვითარება რიონის ხეობაში - დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი

სოფელ გუმათში ვითარება დაიძაბა - პროტესტის მონაწილეების თქმით, დაკავებულია 10-მდე აქტივისტი. პოლიციასა და აქტივისტებს შორის ცოტა ხნის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაზუსტებული ინფორმაცია დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ ჯერ-ჯერობით არავის აქვს.  ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეხლა-შემოხლა კომპანია "ენკას" მანქანების გატარებას მოჰყვა. გოლეთიანის თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

რიონის მცველები სამართალდამცავებს სთხოვენ, სოფელ გუმათჰესთან აღმართული ბლოკპოსტი აიღონ და პროტესტის მონაწილეებს ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება მიეცეთ.

დღეს აქტივისტებმა გზა გადაკეტეს და კომპანია ENKA-ს ავტომობილებს სამშენებლო ზონისკენ არ ატარებდნენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ აქტივისტებსა და მოსახლეობას გადაადგილების უფლება შეუზღუდა.