თუ არ მიიღებენ მონაწილეობას ამბოხში, შეუძლიათ, შენდობა ითხოვონ - მეუფე სტეფანე განკვეთილ მღვდლებზე

14.04.21 10:25
თუ არ მიიღებენ მონაწილეობას ამბოხში, შეუძლიათ, შენდობა ითხოვონ - მეუფე სტეფანე განკვეთილ მღვდლებზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, სტეფანე კალაიჯიშვილის, განცხადებით, თუკი ე.წ. ამბოხში მონაწილე უფლებამოსილებაშეჩერებული სასულიერო პირები მას შენდობას სთხოვენ, შესაძლოა, მათი საკითხი მშვიდად მოგვარდეს. ამის შესახებ მეუფე სტეფანემ  წაჩხურის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას თქვა და აღნიშნა, რომ მარტვილის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები  დადგმული სცენარია.
მაღალი იერარქი კონკრეტულ ტელევიზიებს და მათ შორის, ტვ პირველს, მიკერძოებულობაში და კონკრეტული დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს. 

იმ კრებაზე ნაწილი  მოვიდა თვითნებურად,  გააფართოვა თავისი აზრები. მათ მოიყვანეს ხალხი. მერე რაც მოხდა, ვიხილეთ. დესტრუქცია რომ დაიწყეს, დავიწყე გალობა. თავიდან ვერც მივხვდი, რაც მოხდა. ჩემი იქ ჩასვლა გამოიწვევდა უფრო მეტ აღელვებას და ჩემს მიერ აგრესიას. ეს მომზადებული იყო ჩემს საწინააღმდეგ.  იმათთვისაც ვგალობდი. ეს გალობა ლოცვა იყო. მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდად დასრულდა.  მერე მოხდა ბალდაში წირვა ჩავატარე, წირვის შემდეგ მთხოვეს, ვისაუბროთ და ტელევიზიები ისევ მიკერძოებულები იყვნენ თავიდან ბოლომდე. 
ეს სცენარია დადგმული, რომლითაც უნდა გრძელდებოდეს ეს სპექტაკლი  - მძიმედ დაავადდა ამის გამო მორჩილი მარიამი. სინამდვილეში კოვიდი აქვს, რამდენადაც მე გავიგე. წვიმის გამო არ დაავადებულა. აქციაზე ერთმანეთს გადასდეს. ასე რომ, ვისაც როგორ უნდა, ისე აშუქებს. ხალხი შეცდომაში შედის და ჰგონიათ, რომ მათ ვინმე დასდევს. ჩვენ გვინდა, კარგად ვიყოთ და მშვიდად ვიყოთ. თუ რამე გასარკვევია, ეკლესიურ ჩარჩოებში გავარკვიოთ. მათი მხრიდან დასაფასებელია, რომ ამბოხით არ აგრძელებენ ცხოვრებას და ცდილობენ, კანონიკურ ჩარჩოებში ჩაჯდნენ და იარონ ნორმალური გზით, რაც ეკლესიას შეშვენის. ვისაც უნდა, მოვიდეს ჩემთან კამერების გარეშე და  დავილაპარაკებთ და ყველაფერს წყნარად ვეტყვი. ვისაც კამერებით უნდა ჩემთან ლაპარაკით -  ტელევიზიებს აქვთ დავალება, რომ იყვნენ მიკერძოებულები. გამოგვიცხადეს კამერების ომი. ჩვენც გვაქვს საშუალება, გადავიღოთ რეალურად, რაც ხდება,  ჩემი შეცდომები არის ტერმინოლოგიური ხასიათის, რაც ემოციით აიხსნება და ამიტომ შენდობა ვითხოვე. სასულიერო პირებს შეუძლიათ, რომ თემთან მოვიდნენ და დააფიქრისონ, შენდობა ითხოვონ, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ამბოხში და შეიძლება, მშვიდობიანად მოგვარდეს საკითხი - განაცხადა მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება უკვე თვეებია, გრძელდლება. მეუფე სტეფანემ 4 აპრილს  სასულიერო პირები განკვეთა.