შს სამინისტროს მაღალჩინოსნები წვევამდელების წამებაში არიან მხილებული
წვევამდელების წამებაში ბრალდებულების ოჯახის წევრები დუმილს არღვევენ და ამბობენ, რომ ბრძანებებს- ეწამებინათ ჯარისკაცები, სწორედ ხელმძღვანელი პირები გასცემდნენ.
ციხეში ჯარისკაცების დამცირებისთვის გაშვებულმა ინსტრუქტორებმა, გოგიტა ბაჩელაშვილმა და დიმიტრი დევდარიანმა, ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ გენერალურ ინსპექციაში იჩივლეს. მათ თქვეს, რომ ეს იყო ხელმძღვანელობის ბრძანება, წვევამდელები დაეჩოქებინათ და 11 საათის განმავლობაში იატაკის ხეხვა აეძულებინათ.
ზვიად კალატოზიშვილი, გიზო ბუთბაია და მამუკა ზურაბაშვილი - ეს ის მაღალჩინოსნებია, ვინც ჯარისკაცების წამების საქმეზე დაკავებული ინსტრუქტორების ოჯახის წევრების თქმით, რიგითებს დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას სთხოვდა. დგინდება რომ ისინი გამოძიების დროს ინსტრუქტორებზე ზეწოლას ახდენდნენ და ავალებდნენ, არ ეთქვათ, რომ ჯარისკაცების დაჩოქება და დამცირების ზემდგომების ბრძანება იყო.
გომელაურის უწყებამ გადაწყვიტა, ეს ამბავი საგულდაგულოდ დაემალა, ამიტომ რიგითი ინსტრუქტორები აიძულეს, დანაშაული საკუთარ თავზე აეღოთ. არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, შს მინისტრმა ამ დრომდე არ გამოიჩინა ნება, პასუხისგებაში მიეცა საკუთარი უწყების მაღალჩინოსნები, გამოძიება ამ დრომდე არ ინტერესდება, ვინ შექმნა სისტემური დანაშაულის სქემა, რომელიც ახალგაზრდების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მოიცავდა.
გოგიტა ბაჩელაშვილი და დიმიტრი დევდარიანი უკვე ერთი წელია, სასჯელს იხდიან,თუმცა ორივე მათგანი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისინი გაწირა, ჯარისკაცების დამცირება კი არა მათი სურვილით, არამედ ზემდგომების გაცემული არაფორმალური ბრძანებით ხდებოდა, რადგან ეს დამკვიდრებულ პრაქტიკა იყო.